· ჩატარებული
ლექტორიუმის მესამე შეხვედრა: საქართველოს მსხვილი პროექტების ბედი — ხუდონიდან იგლ-ჰილსამდე
© LECTORIVMლექტორიუმის მესამე შეხვედრა საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების ბედს მიეძღვნა. ხუდონჰესის გარშემო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის ბოლოს დაწყებული კამათიდან ნამახვანჰესის, ნენსკრასა და იგლ-ჰილსის პროექტებამდე, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს კითხვა, რატომ ხვდება დიდი პროექტები საქართველოში თითქმის ყოველთვის ძლიერ საზოგადოებრივ წინააღმდეგობას და რატომ ვერ ყალიბდება შეთანხმება განვითარებას, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს შორის.
დისკუსია ნამახვანჰესის საქმეზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფონზე გაიმართა. თუმცა საუბარი ერთი პროექტის შეფასებას გასცდა. მონაწილეები დაინტერესდნენ, რამდენად სჭირდება საქართველოს ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეები, რა ეკონომიკურ მოდელს უნდა ემსახურებოდეს მათი მშენებლობა, როგორ უნდა გადანაწილდეს პროექტის სარგებელი და რისკი, ვის კვლევებს შეიძლება ენდოს საზოგადოება და რატომ იმარჯვებს ხშირად შიში ტექნიკურ არგუმენტზე.
შეხვედრა თორნიკე შარაშენიძემ გახსნა და გაუძღვა. მთავარი მომხსენებლები იყვნენ გიორგი აბრამიშვილი, კომპანია Energy Solutions-ის დამფუძნებელი და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე; ზურაბ აგლაძე, უსაფრთხოების სპეციალისტი და ენერგეტიკის სფეროში მოქმედი მეწარმე; და პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელი. ძირითადი გამოსვლების შემდეგ საუბარი აუდიტორიის შეკითხვებითა და კომენტარებით გაგრძელდა.
მთავარი მომხსენებელი — გიორგი აბრამიშვილი
მთავარი მომხსენებელი — ზურაბ აგლაძე
მთავარი მომხსენებელი — ლევან ლორთქიფანიძე
მოდერატორი — თორნიკე შარაშენიძე
ენერგოდეფიციტი და დამოუკიდებლობის ფასი
გიორგი აბრამიშვილმა მსჯელობა საქართველოს ენერგეტიკული ბალანსით დაიწყო. მისი მონაცემებით, ქვეყნის ელექტროენერგიის გენერაციაში ჰიდრორესურსს წამყვანი ადგილი უჭირავს, თუმცა ადგილობრივი წარმოება მზარდ მოხმარებას ვეღარ ეწევა. წლის განმავლობაში დეფიციტი იფარება როგორც ელექტროენერგიის პირდაპირი იმპორტით, ისე იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოსადგურებით. ზამთარში, როდესაც მდინარეებში წყლის მოცულობა მცირდება, გარე წყაროებზე დამოკიდებულება განსაკუთრებით იზრდება.
მომხსენებელმა ენერგეტიკული დამოკიდებულება ეკონომიკურ და უსაფრთხოების პრობლემად წარმოადგინა. მისი თქმით, ელექტროენერგიის იმპორტი ჩვეულებრივი საქონლის შემოტანას არ ჰგავს: საქართველო მხოლოდ მეზობელ სისტემებთანაა დაკავშირებული, გადამცემი ხაზების შესაძლებლობაც შეზღუდულია, ხოლო მიმწოდებელ სახელმწიფოს ფასისა და მიწოდების პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენება შეუძლია. ამავე დროს, მოხმარება იზრდება, გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობა კი ჩამორჩება.
„დღეს უკვე წლის ჭრილში, იმპორტირებული ელექტროენერგიისა და გაზის ჩათვლით, დაახლოებით 40 პროცენტი გვაქვს შესავსები, რომ თვითკმარი ვიყოთ. იანვარში დამოკიდებულება ზოგჯერ 60 პროცენტამდე იზრდება. აღარ ვლაპარაკობ მომავალზე — დღევანდელი მდგომარეობიდანაც ჩანს, რომ მეტი ადგილობრივი სიმძლავრე გვჭირდება. მაგრამ მზად ვართ ყველა ციფრზე პასუხი ვაგოთ და ვიკამათოთ, როგორ გაკეთდეს პროექტი უკეთ, ნაკლები ზიანით. პრობლემა ისაა, რომ ასეთი პროფესიული საუბარი ხშირად ვერ იწყება.“
გიორგი აბრამიშვილის შეფასებით, საქართველოს ჰიდროპოტენციალის დიდი ნაწილი კვლავ აუთვისებელია. ადგილობრივი გენერაციის ზრდას შეუძლია ერთდროულად შეამციროს იმპორტზე დამოკიდებულება, უზრუნველყოს მომავალი მოხმარება და ქვეყანას მწვანე ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობა მისცეს, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის საშუალებით. ამ ხედვაში ჰიდროენერგია მხოლოდ კომერციული სექტორი არ არის; ის ეკონომიკის სხვა დარგების ფასს, ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებას განსაზღვრავს.
ნამახვანჰესი როგორც ტექნიკური და პოლიტიკური დავა
დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი ნამახვანჰესს დაეთმო. გიორგი აბრამიშვილმა პროექტის მრავალწლიანი კვლევისა და დაგეგმვის ისტორია მიმოიხილა. მისი თქმით, სხვადასხვა ეტაპზე ჩატარდა გეოლოგიური, საინჟინრო და გარემოსდაცვითი კვლევები, შეიცვალა თავდაპირველი სქემა და შემცირდა პროექტის ზემოქმედების არეალი. მან პროექტის 433-მეგავატიან სიმძლავრეზე, დაახლოებით 1.5 მილიარდი კილოვატსაათის წლიურ გამომუშავებასა და სეზონური დეფიციტის შევსებაში მის შესაძლო როლზე გაამახვილა ყურადღება.
აბრამიშვილმა პროტესტის დროს გავრცელებული რამდენიმე მტკიცებაც გააკრიტიკა: კაშხლის ნგრევის შესაძლო მასშტაბი, მდინარის დაშრობა, მიწის მოცულობა, თევზის სახეობებზე გავლენა და გამომუშავებული ენერგიის ქვეყნიდან გატანა. მისი არგუმენტი იყო, რომ განსხვავება უნდა გაკეთდეს შემოწმებად ტექნიკურ რისკსა და შიშზე აგებულ მტკიცებას შორის. ამავე დროს მან აღიარა, რომ ბიზნესი და სახელმწიფო ხშირად აგვიანებდნენ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას და პროექტების მნიშვნელობის გასაგებად ახსნას.
მისი პოზიცია აუდიტორიის ნაწილმა ზედმეტად კატეგორიულად მიიჩნია. მოგვიანებით დისკუსიაში გამოიკვეთა, რომ უნდობლობა მხოლოდ დეზინფორმაციით არ იკვებება: მას საფუძვლად უდევს წარსულში დაშვებული საინჟინრო შეცდომები, ბუნდოვანი ხელშეკრულებები, სუსტი ზედამხედველობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ადგილობრივი მოსახლეობის გამორიცხვა. ნამახვანჰესი ამგვარად იქცა მაგალითად, სადაც ტექნიკური საკითხი, სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაცია და პოლიტიკური კომუნიკაცია ერთმანეთისგან ვეღარ გაიმიჯნა.
ენერგია — მაგრამ რომელი განვითარებისათვის
ლევან ლორთქიფანიძემ დისკუსიის ჩარჩო ერთი პროექტიდან ქვეყნის ეკონომიკურ მოდელზე გადაიტანა. მისი შეფასებით, ენერგიის საჭიროების დასაბუთება მხოლოდ მოხმარების ზრდის გრაფიკით არასაკმარისია. ჯერ უნდა განისაზღვროს, რომელი დარგების განვითარებას აპირებს ქვეყანა, რა რაოდენობის ენერგია დასჭირდება მათ და რა საზოგადოებრივ შედეგს შექმნის ეს ზრდა.
მან საქართველოს ეკონომიკის პრობლემებად რეალური სექტორის მცირე წილი, იმპორტზე დამოკიდებულება, რესურსების დაუმუშავებლად გატანა და სპეკულაციური დარგების გაძლიერება დაასახელა. მაგალითად მოიყვანა კრიპტოვალუტის საწარმოები, რომლებიც დიდი მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარენ, მაგრამ შედარებით მცირე დასაქმებას ქმნიან. მისი არგუმენტით, ელექტროენერგიის მოხმარების ნებისმიერი ზრდა თავისთავად განვითარებას არ ნიშნავს.
„ჩვენ ზოგადად ჰესების წინააღმდეგი არ ვართ. გვინდა ავაშენოთ ის ჰესები, რომლებიც საჭიროა ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებისა და ინდუსტრიული განვითარებისათვის. მაგრამ პროექტი უნდა შეფასდეს სოციალური და ეკოლოგიური კრიტერიუმებით, უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის განვითარების მოდელს და გადაწყვეტილებაში ნამდვილი დემოკრატიული მონაწილეობა უნდა არსებობდეს — არა პოლიციისა და ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით.“
ლორთქიფანიძემ „მწვანე ინდუსტრიალიზაციისა“ და სტრატეგიული დაგეგმვის საჭიროებაზე ისაუბრა. ამ ხედვით სახელმწიფო წინასწარ უნდა არჩევდეს პრიორიტეტულ დარგებს, ერთმანეთს უკავშირებდეს ენერგეტიკას, განათლებას, დასაქმებასა და სოციალურ პოლიტიკას და ინვესტორს არა მხოლოდ დაბალი გადასახადითა და იაფი შრომით, არამედ მკაფიო წესებით ხვდებოდეს. მან ასევე გამოყო არსებული ჰესებისა და გადამცემი ქსელების მოდერნიზაცია, ენერგოეფექტიანობა და დამოუკიდებელი სამეცნიერო ინსტიტუტების აღდგენა, როგორც ახალი მშენებლობის პარალელური მიმართულებები.
ამ პოზიციამ შეკითხვებიც გააჩინა. გურამ ნიკოლაშვილმა იკითხა, კონკრეტულად რომელი ინდუსტრიული დარგების განვითარებაა საქართველოში შესაძლებელი და არსებობს თუ არა შესაბამისი გათვლები. ბადრი ბელქანია დაინტერესდა, რას სთავაზობს მემარცხენე ხედვა ქვეყანას მსხვილი პროექტების ალტერნატივად. ლევან ლორთქიფანიძის პასუხით, სრულფასოვანი ინდუსტრიული პოლიტიკა ფართო კვლევას და სახელმწიფო ინსტიტუტების მონაწილეობას მოითხოვს, თუმცა ეს არ აუქმებს ძირითად პრინციპს: ენერგეტიკული პროექტი უნდა ემსახურებოდეს წინასწარ განსაზღვრულ საზოგადოებრივ მიზანს და მისი სარგებელი სამართლიანად უნდა ნაწილდებოდეს.
ენერგოუსაფრთხოება, რეზერვი და სისტემის მდგრადობა
ზურაბ აგლაძემ ბიზნესისა და სოციალური კრიტიკის პოზიციებს შორის საერთო წერტილების მოძებნა სცადა. მან ხაზი გაუსვა სეზონურობას: წლიური გამომუშავებისა და მოხმარების შედარება ვერ აჩვენებს ზამთრის დეფიციტს, ზაფხულის ჭარბ ენერგიასა და სისტემისთვის საჭირო სარეზერვო სიმძლავრეს. მისი თქმით, ქვეყანას ერთდროულად სჭირდება წარმოება, ენერგიის მიწოდების საიმედო ქსელი და მომხმარებლისთვის მისაღები ფასი.
„დიდი ჰესის მშენებლობა პანაცეა არ არის. უნდა გავითვალისწინოთ, ვინ აშენებს, რა პირობებით ვაშენებთ და როგორ ვმართავთ საფრთხეებს. გარემოზე ზემოქმედება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მაგრამ თუ ინდუსტრიალიზაცია გვჭირდება, ახალი სიმძლავრეებიც გვჭირდება. ენერგოდამოუკიდებლობის გარეშე ვერც ეკონომიკა განვითარდება და ვერც უსაფრთხოება იქნება დაცული.“
აგლაძემ ენერგეტიკა ეროვნული უსაფრთხოების ნაწილად განიხილა. ენგურჰესის გამორჩეული წილი და მისი მართვის ინფრასტრუქტურის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სისტემას დამატებით მოწყვლადს ხდის. მისი თქმით, რეგულირებადი ჰესები ქვეყანას საშუალებას მისცემდა, წყალი სეზონურად დაეგროვებინა, ზამთრის დეფიციტი შეემცირებინა და ერთი მსხვილი წყაროს გათიშვის შემთხვევაში მეტი რეზერვი ჰქონოდა.
მანვე ისაუბრა ინვესტიციის გაძვირებაზე, მცირე სადგურების ქსელთან მიერთების სირთულეზე და პროექტის არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეთანხმების პრაქტიკულ პრობლემებზე. მისი გამოცდილებით, ინვესტორი ხშირად მარტო რჩება ადგილობრივ საზოგადოებასთან, მაშინ როდესაც სახელმწიფო არც ინფორმაციის მიწოდებაში, არც მიწის საკითხის მოგვარებაში და არც გრძელვადიანი რეგიონული განვითარების დაგეგმვაში საკმარისად არ მონაწილეობს.
სტრატეგია არსებობს, შესრულება — საკითხავია
პაატა ცაგარეიშვილმა ყურადღება სტრატეგიულ დოკუმენტებსა და მათ განხორციელებას მიაქცია. მისი თქმით, ქვეყანას აქვს „ხედვა 2030“ — ვრცელი დოკუმენტი, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა დარგისთვის რაოდენობრივ მიზნებს ადგენს და მრავალ კვლევას ეყრდნობა. პრობლემად მან არა დოკუმენტების არარსებობა, არამედ მათი გამოუყენებლობა და შესრულების შეფასების ნაკლებობა დაასახელა.
„სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტი არსებობს — „ხედვა 2030“, რომელიც ხუთასზე მეტ გვერდს და დაახლოებით სამოცდაათ კვლევას ეყრდნობა. საკითხი ისაა, ვიყენებთ თუ არა ამ კვლევებს. დოკუმენტები თაროზე დევს; პროფესიული განხილვა უნდა დაიწყოს იმით, რა შესრულდა, რა არ შესრულდა და რატომ.“
საუბარი შეეხო გადამცემ ქსელებს, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელსა და ენერგიის დაგროვებასაც. გიორგი ხარაბაძემ იკითხა, როგორ შეიძლებოდა ზაფხულის ჭარბი ენერგიის შენახვა და ზამთარში გამოყენება. გიორგი აბრამიშვილმა და ზურაბ აგლაძემ განმარტეს, რომ ბატარეები მოკლევადიანი, საათობრივი პიკების დაბალანსებისთვის გამოდგება, მაგრამ სეზონებს შორის ენერგიის გადატანის ტექნოლოგიურ ამოცანას დღეს ძირითადად წყალსაცავიანი ჰესები პასუხობს. ამასთან, მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ არც ბატარეების, არც კაბელისა და არც ახალი ჰესების მშენებლობას აზრი არ ექნება, თუ გენერაცია, ქსელი და ბაზრის წესები ერთიანად არ განვითარდა.
რატომ მუშაობს მითი
დისკუსიის მეორე ნახევარში მთავარი კითხვა შეიცვალა: რატომ იღებს ტექნიკურ მტკიცებაზე ხშირად უფრო ძლიერ მხარდაჭერას დრამატული, ზოგჯერ დაუდასტურებელი ნარატივი? გურამ ნიკოლაშვილმა აღნიშნა, რომ რაციონალური არგუმენტი მითსა და ზღაპარს ავტომატურად ვერ ამარცხებს. მისთვის ლექტორიუმის მიზანიც ამ სირთულის მიუხედავად რაციონალური საუბრის სივრცის დაბრუნება იყო.
რევაზ ბახტაძემ პრობლემის საფუძვლად ლეგიტიმურობისა და ნდობის დეფიციტი დაასახელა. მისი აზრით, საზოგადოების წინააღმდეგობა ყოველთვის გარედან შექმნილი მითი არ არის; უარყოფითი ინფორმაცია გავლენას იმიტომ იძენს, რომ მოქალაქეებს სახელმწიფოს, ბიზნესისა და ფორმალური ინსტიტუტების მიმართ დაგროვილი უნდობლობა აქვთ.
„ფუნდამენტური პრობლემა ლეგიტიმურობისა და ნდობის ნაკლებობაა. სწორედ ეს ქმნის ნიადაგს, სადაც ნებისმიერი უარყოფითი ინფორმაცია გამოძახილს პოულობს. ჩვენ არ ვენდობით სახელმწიფოს, ინსტიტუტებს, კვლევებსა და ერთმანეთსაც კი; ნდობა ხშირად მხოლოდ საკუთარ პატარა ჯგუფთან გვრჩება. ეს უკვე სახელმწიფოებრიობის პრობლემაა.“
კატო ჭავჭანიძემ, რომელიც ნამახვანჰესის პროტესტს ადგილზე აკვირდებოდა, ყურადღება კამათის ენას მიაქცია. მისი თქმით, პროექტის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების დაყოფამ „მცოდნეებად“ და „ბნელებად“ საუბრის შესაძლებლობა თავიდანვე შეამცირა. პროტესტში მართლაც არსებობდა ნაციონალისტური და დაუდასტურებელი მტკიცებები, თუმცა მათ გვერდით იდგა კონკრეტული კითხვები მშენებლის სანდოობაზე, ნებართვებზე, ხელშეკრულებაზე, სეისმურ რისკსა და სახელმწიფო ზედამხედველობაზე.
„პროტესტისას ენა ისე იყო მოწყობილი, თითქოს ერთ მხარეს იდგნენ მცოდნე და პროგრესის მომხრე ადამიანები, მეორე მხარეს კი — ირაციონალური და ჩამორჩენილი მოქალაქეები. ამ დიქოტომიამ კონკრეტული ტექნიკური კითხვები დაფარა: ვინ აშენებს, რამდენად სანდოა მშენებელი, როგორ მუშაობს სახელმწიფო ზედამხედველობა და რა არის გარემოზე რეალური ზემოქმედება.“
გიორგი აბრამიშვილი დაეთანხმა, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესის შეცდომები უნდობლობას რეალურ საფუძველს აძლევს, თუმცა აღნიშნა, რომ ჰესების მომხრეებიც წლების განმავლობაში ხდებოდნენ დემონიზების სამიზნე. მისი თქმით, გამოსავალი მხოლოდ პროექტის დასრულების შემდეგ გამართული საინფორმაციო კამპანია არ არის. კომუნიკაცია თავიდანვე უნდა იყოს გამჭვირვალე, მუდმივი და ორმხრივი. მაგალითად მოიყვანა ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში შექმნილი ადგილობრივი მრჩეველთა საბჭო, რომელსაც კომპანია შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიურად აბარებდა ანგარიშს.
ადგილობრივი საზოგადოება — ზემოქმედების ობიექტი თუ პარტნიორი
გიორგი ხარაბაძემ მსჯელობაში ადგილობრივი თანამონაწილეობის პრაქტიკული საკითხი შემოიტანა. მისი აზრით, პროექტის არეალში მცხოვრები ადამიანები მხოლოდ კომპენსაციის მიმღებებად არ უნდა დარჩნენ. განსახილველია მოდელი, რომლის მიხედვითაც სოფელი ან კოოპერატივი პროექტის საკუთრების, შემოსავლის ან სხვა გრძელვადიანი სარგებლის თანამონაწილე გახდება.
„ბალანსი უნდა შევქმნათ ქვეყნის ეროვნულ ინტერესსა და მოსახლეობის ინტერესს შორის და გავიაზროთ, რა ფასის გადახდა შეგვიძლია. უფასოდ არავინ არაფერს მოგვცემს. თუმცა ადგილობრივი საზოგადოება მხოლოდ რისკის მატარებელი არ უნდა იყოს; უნდა განვიხილოთ, როგორ შეიძლება გახდეს ის პროექტის სარგებლის მონაწილე — მათ შორის საკუთრების ან შემოსავლის წილის გზით.“
ზურაბ აგლაძემ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც კომპანია სოფელს ტურიზმის განვითარებისთვის კოოპერატივის შექმნას, საწყის კაპიტალსა და ყოველწლიურ დახმარებას სთავაზობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. მისი თქმით, პროექტის წილის გადაცემაც შესაძლებელია, მაგრამ ჰესის პირველი წლები ხშირად სესხის მომსახურებას ხმარდება და ადგილობრივი მოსახლეობა შემოსავალს დაუყოვნებლივ ვერ მიიღებს. ეს მაგალითი აჩვენებდა, რომ თანამონაწილეობის ფორმა წინასწარ, გასაგებად და რეალისტური მოლოდინებით უნდა შეთანხმდეს.
ლევან ლორთქიფანიძემ დისკუსიის დასასრულს კვლავ განაწილების საკითხს დაუბრუნდა. მისი აზრით, კომუნიკაცია ვერ შეცვლის მოქალაქის ძირითად შეკითხვას, თუ პროექტისგან მიღებული სიკეთე ადგილობრივ ეკონომიკაში არ რჩება.
„მთავარი საკითხი ისაა, ვინ რჩება მოგებული, რა რჩება ადგილზე, სახელმწიფოსა და ადგილობრივ ეკონომიკაში და სად მიდის შექმნილი დოვლათი. განათლების პრობლემა მხოლოდ პროტესტის მხარეს არ არის. მეორე მხარესაც ხშირად ვერ წარმოუდგენიათ, რომ ეკონომიკა შეიძლება სხვაგვარად მოეწყოს, რომ პროექტში მეტი სოციალური და ეკოლოგიური ხარჯი ჩაიდოს და ინვესტორი ღმერთი არ არის.“
კითხვები, რომლებიც ღიად დარჩა
შეხვედრაზე ახალი ჰესების საჭიროებაზე საერთო პასუხი არ ჩამოყალიბებულა, თუმცა გამოიკვეთა საკითხები, რომელთა უგულებელყოფაც ორივე მხარეს ართულებს. ენერგეტიკული დამოკიდებულება საქართველოს ეკონომიკურ და უსაფრთხოების არჩევანს ზღუდავს; ამავე დროს პროექტი მხოლოდ მეგავატებითა და ინვესტიციის მოცულობით ვერ შეფასდება. საჭიროა გარემოზე ზემოქმედების სანდო კვლევა, ხელშეკრულების გამჭვირვალობა, რეალური სახელმწიფო ზედამხედველობა, ადგილობრივი მოსახლეობის ადრეული მონაწილეობა და გასაგები პასუხი კითხვაზე, ვის რჩება პროექტისგან შექმნილი სარგებელი.
ღიად დარჩა უფრო ფართო არჩევანიც: უნდა ააშენოს თუ არა ქვეყანამ ენერგეტიკული სიმძლავრეები წინასწარ, მომავალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინით, თუ ახალი პროექტი მხოლოდ კონკრეტულ ინდუსტრიულ გეგმას უნდა მიჰყვეს; რა წილი უნდა ჰქონდეს კერძო ინვესტორს, სახელმწიფოსა და ადგილობრივ საზოგადოებას; როგორ უნდა შემოწმდეს კვლევის დამოუკიდებლობა; და როგორ შეიძლება საზოგადოების ნდობის აღდგენა მაშინ, როდესაც წარსულის შეცდომები ახალ პროექტზეც გადადის.
დისკუსიის ბოლოს თორნიკე შარაშენიძემ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. ლექტორიუმის მესამე შეხვედრამ აჩვენა, რომ მსხვილი პროექტების შესახებ დავა მხოლოდ არჩევანი არ არის მშენებლობასა და უარს შორის. ეს არის საუბარი სახელმწიფოს უნარზე — განსაზღვროს მიზანი, შეაფასოს რისკი, მოიპოვოს ნდობა და განვითარების სარგებელი საზოგადოებრივ შედეგად გარდაქმნას.
