EST.MMXXVI
LECTORIVMSODALITAS SELECTAArgumentum, non auctoritas.
ყველა პუბლიკაცია

ანალიზი ·

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მთავარი პოლიტიკური პროცესები

მზარდი რუსული გავლენის ფონზე ადგილობრივი აფხაზური პოლიტიკური დაპირისპირებები და კონკურენცია რეგიონის შიდა პოლიტიკის კომპლექსურობაზე მეტყველებს. ეს პროცესები ზოგჯერ კრემლისადმი გარკვეულ დაუმორჩილებლობაშიც გამოიხატება. რეგიონში ბოლო ორი წლის მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იძლევა იმის ნიშნებს, რომ ადგილზე ფუნდამენტური ცვლილებები მიმდინარეობს. ეს პოლიტიკურ ელიტაში თაობათა ცვლილებითა და რუსეთის ახალი, უფრო ეფექტური, მოქნილი პოლიტიკით გამოიხატება.

ავტორი: ზურაბ (ზურა) წურწუმია

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მთავარი პოლიტიკური პროცესები

მზარდი რუსული გავლენის ფონზე ადგილობრივი აფხაზური პოლიტიკური დაპირისპირებები და კონკურენცია რეგიონის შიდა პოლიტიკის კომპლექსურობაზე მეტყველებს. ეს პროცესები ზოგჯერ კრემლისადმი გარკვეულ დაუმორჩილებლობაშიც გამოიხატება. რეგიონში ბოლო ორი წლის მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იძლევა იმის ნიშნებს, რომ ადგილზე ფუნდამენტური ცვლილებები მიმდინარეობს. ეს პოლიტიკურ ელიტაში თაობათა ცვლილებითა და რუსეთის ახალი, უფრო ეფექტური, მოქნილი პოლიტიკით გამოიხატება.

მიმდინარე მოვლენების უკეთ გასაგებად საჭიროა ყურადღება მივაქციოთ აფხაზეთში 2022-2024 წლების პროტესტებს. სამოქალაქო თუ პოლიტიკური წინააღმდეგობის მაპროვოცირებელი რუსული მხარე იყო.

პირველი ასეთი პროცესი ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ პროტესტები 2022–2023 წლებში მიმდინარეობდა.

2022 წლის იანვარში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის კომპლექსი რუსეთის საკუთრებაში უნდა გადასულიყო, ხოლო ტერიტორია რუსეთის მხარეს 49 წლით სარგებლობაში გადაეცემოდა. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები შიშობდნენ, რომ ეს მხოლოდ ერთი ობიექტის საკითხი არ იყო და მომავალში აფხაზეთში მიწისა და უძრავი ქონების რუსეთისთვის გადაცემის პრეცედენტს შექმნიდა. ასევე სადავო იყო ზღვის აკვატორიისა და ტერიტორიის საზღვრები. 2022 წლის სექტემბერში სოხუმში ახალგაზრდებმა და აქტივისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს. 2023 წლის განმავლობაში აქციები გაგრძელდა; რამდენიმე აქტივისტი დააკავეს ან მათზე ზეწოლა განხორციელდა. კულმინაცია 2023 წლის 26–27 დეკემბერს იყო: პარლამენტთან მასობრივი პროტესტის ფონზე დე ფაქტო პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება მაინც მოახდინა. 28-დან 26-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ პროტესტის ბევრი მონაწილე ხაზს უსვამდა, რომ პრობლემა იყო აფხაზეთის ტერიტორიის/ქონების შესაძლო დაკარგვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი, და რომ მათ ანტირუსული პოზიციები არ ჰქონდათ.

შემდეგი პროტესტი ე.წ. აგენტების კანონს მოჰყვა. 2024 წლის 7 თებერვალს ასლან ბჟანიამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი „არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც უცხოელი აგენტის ფუნქციას ასრულებენ“. პროექტი მნიშვნელოვნად ზღუდავდა იმ პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც „აგენტებად“ იქნებოდნენ მიჩნეული — მათ შორის საჯარო ღონისძიებებისა და პოლიტიკური საქმიანობის ორგანიზებას. პროტესტი ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან იყო. ისინი შიშობდნენ, რომ კანონი გამოიყენებოდა დამოუკიდებელი NGO-ების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და კრიტიკული ჯგუფების წინააღმდეგ. აპრილში ოპოზიციურმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა სოხუმში შეკრება გამართეს და ხელისუფლებას მოსთხოვეს „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის, ასევე აპარტამენტებისა და სხვა სადავო კანონპროექტების უკან გაწვევა. მათ 10-დღიანი ვადა დააყენეს და წინააღმდეგ შემთხვევაში საერთო-სახალხო შეკრების მოწვევით დაიმუქრნენ. საბოლოოდ ბჟანიამ ეს კანონპროექტი დროებით უკან გაიწვია.

პროტესტების მომდევნო ეტაპი შეეხებოდა საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებს.

აპარტამენტების/უცხოელებისთვის უძრავი ქონების საკითხი - დე-ფაქტო ხელისუფლების ინიციატივა ითვალისწინებდა აღმოსავლეთ აფხაზეთში ათიათასობით საცხოვრებელი ერთეულის/აპარტამენტის მშენებლობას და უცხოელებზე, მათ შორის რუსებზე, გაყიდვის შესაძლებლობას. ოპოზიცია და საზოგადოებრივი ჯგუფები შიშობდნენ დემოგრაფიული ბალანსისა და ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზრის ცვლილების გამო. პროტესტების შემდეგ კანონპროექტი გაიწვიეს.

რუსული ინვესტიციების შესახებ შეთანხმება - ეს უკვე 2024 წლის ბოლოს ყველაზე დიდი პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდა. ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტებისთვის მნიშვნელოვან შეღავათებს აძლევდა. მთავარი საკითხები იყო ქონების/აპარტამენტების შესაძლო გაყიდვა, ადგილობრივი ბიზნესის კონკურენტული მდგომარეობა და ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა.

ამ ინიციატივების უკან აშკარად იკითხებოდა რუსული პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები, თუმცა პროტესტში მონაწილე საზოგადოება, პოლიტიკური ძალები, ბიზნესის წარმომადგენლები თუ სხვა მაქსიმალურად ცდილობდნენ ანტირუსულ პროცესში არ აღმოჩენილიყვნენ. ამიტომაც მათი კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდა დე-ფაქტო პრეზიდენტი ბჟანია. სწორედ მას სთხოვდნენ რუსეთისგან შემოთავაზებული ინიციატივების ან უარყოფას ან ისე შეცვლას, რომ აფხაზური ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები უფრო მეტად ყოფილიყო დაცული.

ბჟანია, როგორც ლიდერი არამხოლოდ მისი წინამორბედების არამედ მისი უშუალო კონკურენტების ფონზეც კი სუსტ ფიგურად აღიქმებოდა. ის ძალიან დიდ დროს ატარებდა რუსეთში და მისი ზედმეტად პრო-რუსული პოზიციები ან უნებისყოფობა წინ აღდგომოდა რუსულ ინტერესებს - მის რეპუტაციას სერიოზულ ზიანს აყენებდა. ბჟანია საბოლოოდ ზემოთაღნიშნულ ინიციატვებს შეეწირა და იძულებული გახდა პორტესტების ფონზე გადამდგარიყო.

ინიციატივები კი არსად გამქრალა. ამის მიზეზი შემდეგია - საინვესტიციო შეთანხმებები თუ ქონების საკითხები რუსეთსა და აფხაზეთს შორის 2014 წელს მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. 2020 წელს ამ ხელშეკრულების სამოქმედო პროგრამა დამტკიცდა. ის 45 პუნქტისგან შედგებოდა და პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სფეროს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ითვალისწინებდა. 2024 წელს დამტკიცდა ჰარმონიზაციის პროგრამის მეორე ეტაპი. საინვესტიციო შეთანხმება, უძრავ ქონებაზე, მიწებზე უფლებების საკითხი სწორედ ამ სამოქმედო პროგრამებშია გაწერილი.

ამ ეტაპზე პრობლემური ინიციატივები მიჩუმათებულია, თუმცა აშკარაა, რომ აფხაზურ მხარეს ჰარმონიზაციის პროგრამის შესრულება მოუწევს და იგივე თემები პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ ნაწილად იქცევიან კვლავ.

ამ ახალი ეტაპისთვის კი რუსული მხარე პროაქტიულად მუშაობს.

პირველ რიგში ბადრა გუნბას ე.წ. არჩევნებში რუსული მხარე უჩვეულოდ აქტიურად იყო ჩართული. რეგიონის კურატორი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო პრაქტიკულად სრულად წარმართავდა გუნბას წინასაარჩევნო კამპანიას. გუნბა ისტორიული პროცესის მონაწილეც გახდა - აფხაზეთის ომის შემდეგ სწორედ ის იყო მოსკოვი-სოხუმის საჰაერო რეისის პირველი მგზავრი. ამ ჩართულობასა და მხარდაჭერას გუნბასთვის თავისი პოლიტიკური ფასი ექნება, რომელსაც სავარაუდოდ შეახსენებენ მაშინ, როდესაც პრობლემური ინიციატივების მიღების ეტაპი მოვა.

მეორეს მხრივ, რასაც რუსული მხარე გეგმაზომიერად ახორციელებს არის პოლიტიკური ელიტის ცვლილება. ერთი შეხედვით ეს თაობათა ცვლის პროცესს გავს, რომელიც სრულიად ნორმალურ პროცესად აღიქმება. თუმცა ეს პროცესი სრულად ორგანიზებული, გააზრებული და გეგმიურია. აფხაზეთში 2025 წლიდან რუსეთში კარგად აპრობირებული კონკურსების ფორმატები ჩაეშვა, რომლის საფუძველზე ახალი საჯარო მოხელეები იქნა შერჩეული. ზოგიერთი მათგანი უკვე დე-ფაქტო მთავრობის წევრია.

მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო ასევე 2026 წლის ადგილობრივი ე.წ. არჩევნები, სადაც გუნბას მხარდამჭერებმა ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოში უმრავლესობა გაგრის გარდა ყველა რაიონში მოიპოვეს. ეს ორგანოები ერთგვარ სამეურნეო ფუნქციებს ასრულებენ, თუმცა პოლიტიკური პროტესტების დროს მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. სწორედ ამ ორგანოების წევრები მათ ადგილობრივ მხარდამჭერებთან ერთად მოითხოვდნენ პარლამენტში თავიანთი წარმომადგენლების ადგილზე მისვლას და კანონპროექტებისთვის ხმის არმიცემას. სწორედ ამ სტრუქტურებში მოხდა კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ჩანაცვლება და შესაბამისად მომავალი კრიზისების შემთხვევაში ეს ორგანოები, როგორც წინააღმდეგობისა და პროტესტის ბერკეტები ან დასუსტდა ან პრაქტიკულად უფუნქციო იქნება.

წინააღმდეგობის ბერკეტების დასაძლევად კრიტიკულად მნიშნელოვანია ე.წ. პარლამენტი და მისი დეპუტატები. რუსული ინიციატივების ხელახალი შემობრუნების შემთხვევაში სწორედ კონკრეტულ 35 პარლამენტარს მოუწევს საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და დააფიქსიროს პოზიცია. მათი შერჩევა და კონტროლი სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია. დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნები 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

ამ პოლიტიკური პროტესტებისა და პროცესების ფონზე იკვეთება შემდეგი ნიშნები:

- აფხაზები ხედავენ, რომ რუსულ სივრცეში იმყოფებიან. სარგებელი უსაფრთხოებაა, თუმცა ამ უსაფრთხოებისთვის გადასახდელი ფასი რუსული პოლიტიკური ეკონომიკური დომინანტობაა.

- რუსული მხრისგან მომავალი ინიციატივებისადმი პროტესტი ანტირუსულ განწყობებსაც გამოხატავს, თუმცა პროტესტის მონაწილე ყველა ძალა [სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური ძალები, ბიზნესი და სხვა] მუდმივად ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ეს არ იყო ანტირუსული პროცესები.

- ანტირუსული განწყობები არ ითარგმნება პრო-ქართულ განწყობებში. ანტაგონიზმი და მტრის ხატი კვლავ მაღალია.

სერგეი კირიენკოს აქტიურობა და რეგიონში ხშირი გამოჩენა ცხადყოფს, რომ კრემლში დაინახეს აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგობა და მისი დაძლევა რბილი ფორმებით სცადეს. თუკი აქამდე მოსკოვის პოლიტიკა ეყრდნობოდა იმ გათვლას, რომ სოხუმში ლოიალური დე-ფაქტო ხელისუფლება საკმარისი იქნებოდა საკუთარი ინტერესების გასატარებლად - ამჯერად ამ მიდგომას გადახედეს და უფრო მიზნების უმტკივნეულოდ მისაღწევად საჭიროდ ჩათვალეს ადგილზე ძალაუფლების ყველა რგოლის კონტროლი. ეს მიდგომა რუსულ მხარეს მეტ კომფორტს უქმნის, ხოლო აფხაზებს - წინააღმდეგობის გაწევის ფორმალურ ბერკეტებსაც კი ართმევს. შესაძლოა საპროტესტო განწყობები შენარჩუნდეს - თუმცა პროტესტის გამოხატვისა თუ მიზნის მიღწევის პოლიტიკური მექანიზმები უკვე აღარ არსებობდეს.