· ჩატარებული
ლექტორიუმის პირველი შეხვედრა და მსოფლიო 11 სექტემბრის შემდეგ
© LECTORIVMლექტორიუმის პირველი შეხვედრა 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმებისა და მათ შემდეგ მსოფლიო წესრიგის ცვლილებას მიეძღვნა. მსჯელობა გასცდა საკუთრივ ტერაქტების აღწერას. მონაწილეები დაინტერესდნენ, 9/11-ის შედეგად როგორ შეიცვალა ამერიკისა და დასავლეთის გავლენა, უსაფრთხოების პოლიტიკა, საზოგადოების თავისუფლებები და საქართველოს არჩევანი.
შეხვედრა ლექტორიუმის იდეისა და ფორმატის წარდგენით დაიწყო. ორგანიზატორებმა ისაუბრეს სივრცეზე, რომელიც უშუალო შეხვედრასა და ციფრულ კომუნიკაციას გააერთიანებდა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებოდათ, სურვილის შემთხვევაში, მათი მოსაზრებები სახელის მიუთითებლად გავრცელებულიყო. ორი ძირითადი მოხსენების შემდეგ საუბარი აუდიტორიის შეკითხვებითა და კომენტარებით გაგრძელდა.
შეხვედრის მთავარი სტუმარი და მომხსენებელი - ივლიანე ხაინდრავა
თანამომხსენებელი - რევაზ ბახტაძე
მოდერატორი - თორნიკე შარაშენიძე
სამხედრო წარმატება და პოლიტიკური შედეგი
ივლიანე ხაინდრავამ საუბარი 11 სექტემბერთან დაკავშირებული პირადი მოგონებით დაიწყო და შემდეგ იმ მოვლენებს გადახედა, რომლებმაც მომდევნო წლების საერთაშორისო პოლიტიკა განსაზღვრა. მან განიხილა ალ-ქაიდა, ავღანეთის სამხედრო ოპერაცია და თალიბანი, ერაყის ომი, „არაბული გაზაფხული“, სირიის კონფლიქტი და ისლამური სახელმწიფოს გამოჩენა.
„ დაახლოებით ექვსი საათი იყო და ქუჩაში, სახლისკენ მივდიოდი. ამ დროს ვიღაცამ დამირეკა, აღარ მახსოვს, ვინ იყო, და მკითხა, ვიცოდი თუ არა, რა ხდებოდა ამერიკაში. ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი. მითხრა, CNN ჩამერთო. ჩემი და იქვე ახლოს ცხოვრობდა. დავურეკე, ვთხოვე, CNN ჩაერთო და ვუთხარი, რომ მაშინვე ავიდოდი. როცა მივედი, ტელევიზორს უყურებდა და ნანახით განცვიფრებული იყო. ეკრანზე კვამლი და ნანგრევები ჩანდა. გვერდით მივუჯექი და ვუყურებდი. ამ დროს დავინახე თვითმფრინავი, რომელიც შენობას შეეჯახა. თავიდან ვიკითხე, ეს როგორ გადაიღეს, წინასწარ ხომ არ იცოდნენ-მეთქი. შემდეგ მივხვდი, რომ პირდაპირ ეთერს ვუყურებდი. პირდაპირ ეთერში ვნახე თვითმფრინავის შეჯახება, ხანძარი და ჩამონგრევა. „
ამ მიმოხილვას გასდევდა კითხვა, რამდენად გარდაიქმნებოდა სამხედრო წარმატება მდგრად პოლიტიკურ შედეგად. მომხსენებლის შეფასებით, მოწინააღმდეგის დამარცხება ან რეჟიმის ჩამოშლა სტაბილური წესრიგის შექმნას თავისთავად ვერ უზრუნველყოფდა. სწრაფი სამხედრო ოპერაციის შემდეგ გაცილებით რთული ამოცანა რჩებოდა: როგორ უნდა მოწყობილიყო პოლიტიკური ცხოვრება და შენარჩუნებულიყო უსაფრთხოება.
„ როგორც მოგახსენეთ, სამხედრო ოპერაცია სწრაფად დასრულდა, მაგრამ შემდეგ გაჩნდა განცდა, რომ ამერიკელებმა აღარ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. სადამ ჰუსეინს სრულად სეკულარულ მმართველს ვუწოდებთ თუ არა, ცალკე საკითხია, თუმცა ის ისლამისტი ფუნდამენტალისტი ნამდვილად არ ყოფილა. მის რეჟიმთან ერთად, ფაქტობრივად, ჩამოიშალა ერაყის ჯარი, სამოქალაქო და სახელისუფლებო ინსტიტუტები. ქვეყნის ტერიტორიაზე ანარქიამ დაისადგურა. ერთმანეთს მრავალი განსხვავებული ინტერესი დაუპირისპირდა: ირანის ინტერესი, რომელსაც ერაყის შიიტურ მოსახლეობასთან ჰქონდა კავშირი; მეზობელი თურქეთის ინტერესი; ქურთების ინტერესი. ამ ვითარებაში უამრავი სხვადასხვა დაჯგუფება გაჩნდა, მათ შორის ჯგუფი, რომელსაც „ალ-ქაიდა მესოპოტამიაში“ უწოდეს. „
მოგვიანებით იგი დასავლეთის მდგომარეობასაც დაუბრუნდა. საერთაშორისო ორგანიზაციების ქმედითობის შემცირება, დასავლური ერთიანობის შესუსტება და ევროპაში პოლიტიკური ლიდერობის პრობლემა მან ერთმანეთთან დაკავშირებულ სირთულეებად წარმოადგინა. ევროპასთან საკუთარ კულტურულ კავშირზე საუბრისას განმარტა ის პოზიციაც, საიდანაც მის სისუსტეებს აკრიტიკებდა. კრიტიკული შეფასებების მიუხედავად, დასავლეთის განახლების შესაძლებლობა ღიად დატოვა.
„ მათთვის, ვინც არ მიცნობს, ვიტყვი: ხატოვნად რომ გამოვხატო, მირჩევნია ევროპასთან ერთად მოვკვდე, ვიდრე ირანთან ერთად ვიცხოვრო. ევროპა ჩემი კულტურული გარემოა, ამ კულტურაში გავიზარდე. სხვათა შორის, ამერიკაში თავს ყოველთვის უცხოდ ვგრძნობდი, ევროპაში კი შინ ვარ. მულტიკულტურალიზმს არ ვცნობ. ევროპელ ლიდერებსაც უკვე წლებია, ამ საკითხზე კრიტიკული განცხადებები აქვთ, თუმცა ახლა ამ თემას არ ჩავუღრმავდები.
დღევანდელი ვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტისა და შესაძლებლობების შემცირება. გაერო არსებობს და რეზოლუციებს იღებს, მაგრამ ვინ უწევს მათ ანგარიშს? ზოგი ითვალისწინებს, ზოგი კი საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და ისე იქცევა, როგორც საჭიროდ მიაჩნია. მაპატიეთ, მაგრამ ეუთო სასაცილო ორგანიზაციად იქცა: მას ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ჰქვია, მაშინ როდესაც ევროპაში მეხუთე წელია ომი მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში რა უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზეა საუბარი?
ირღვევა დასავლეთის, როგორც ერთიანი და კონსოლიდირებული სივრცის, ცნება. ტრამპს ამ პროცესში სერიოზული წვლილი მიუძღვის, მაგრამ ამის ნიშნები უფრო ადრეც შეიმჩნეოდა. საკითხი ასე მარტივად არ დგას, თითქოს ტრამპმა ერთ დღეს გადაწყვიტა, ევროპა აღარ მჭირდება და საკუთარ თავს თავად მიხედოსო. ეს პროცესები მანამდეც მიმდინარეობდა, თუმცა რიტორიკულად სხვაგვარად გამოიხატებოდა. დღეს ყველაფერი უფრო ღიად და პირდაპირ ითქმის.
უარესი სცენარიც უნდა განვიხილოთ. თუ კარგი სცენარი განვითარდება, შამპანურს გავხსნით და დავლევთ, ეს მარტივია. ჯერჯერობით დიდი ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ბევრი რამ გადაიაზრება. ეს პროცესი დასავლეთში, ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც, უფრო სწრაფად უნდა წარიმართოს. საბედნიეროდ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც დასავლეთს და, კერძოდ, ევროპას მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელი შინაგანი რესურსი აღმოსჩენია. ბოლოს და ბოლოს, საშინელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათ ისეთი გრანდიოზული პროექტი შექმნეს, როგორიც ევროკავშირია. „
როგორ შეცვალა კონტრტერორიზმმა სახელმწიფოების პრიორიტეტები
რეზო ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა კონტრტერორიზმზე, როგორც იდეაზე, რომელმაც სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა შეცვალა. მისი შეფასებით, ტერორიზმთან ბრძოლა თითქმის ყველა სფეროს განმსაზღვრელ პრიორიტეტად იქცა. ამ პრიორიტეტს მოერგო უწყებების საქმიანობა, დაფინანსება, პროფესიული კარიერები და საერთაშორისო თანამშრომლობაც.
იდეა, რომელიც 11 სექტემბრის შემდეგ გაძლიერდა და დამკვიდრდა, კონტრტერორიზმი იყო. ამის ხაზგასმა აუცილებელია, რადგან საქმე მხოლოდ სამხედრო ტაქტიკის ან სტრატეგიის ცვლილებას არ ეხებოდა. კონტრტერორიზმი ყოვლისმომცველ იდეად იქცა და მომდევნო ოცი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველა სხვა სფეროს განვითარება განსაზღვრა. ამის საილუსტრაციოდ საკმარისია შევადაროთ ტერორიზმის თემაზე გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიებისა და წიგნების რაოდენობა 11 სექტემბრამდე და მის შემდეგ: შემდგომ პერიოდში მათი რიცხვი მრავალჯერ გაიზარდა. ეს ერთგვარ ეპისტემოლოგიურ დომინაციას, ცოდნისა და კვლევის სივრცეში ამ თემის გაბატონებას გვიჩვენებს. ამ ნაშრომების უმრავლესობა მხოლოდ სამხრეთ აზიაში ანტიტერორისტულ ოპერაციებს არ ეხებოდა. ისინი სოციალური მეცნიერებებისა და ფილოსოფიის წინაშე მდგარ თითქმის ყველა პრობლემას მოიცავდა.
მომხსენებელმა ამ ცვლილებებს დაუკავშირა მონაცემთა მასობრივი შეგროვება, ფინანსური კონტროლის გაფართოება და ტექნოლოგიების გამოყენების ახალი მასშტაბი. მისი თქმით, შესუსტდა შიდა და გარე უსაფრთხოებას შორის გამყოფი ზღვარიც. სახელმწიფოებმა სხვადასხვა პრობლემის დანახვა სულ უფრო ხშირად ტერორიზმისა და ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში დაიწყეს.
„ კონტრტერორიზმის საჭიროებებიდან გამომდინარე, ან მისი სახელით, ამერიკაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მასშტაბური რეფორმა განხორციელდა. განსაკუთრებით გაიზარდა კონტრტერორისტული დანაყოფები, ხშირად კონტრდაზვერვისა და ტრადიციული პოლიტიკური თუ ეკონომიკური დაზვერვის ხარჯზე. დაფინანსება, პრესტიჟი და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა კონტრტერორიზმს უკავშირდებოდა. თავდაცვის დოქტრინა, სტრუქტურა და დაგეგმვაც ტრადიციული საფრთხეების ნაცვლად მეტწილად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროებებს მოერგო.
რა ტენდენციები და პრაქტიკა მოიტანა ამან? უპირველეს ყოვლისა, შიდა და გარე უსაფრთხოებას შორის ფაქტობრივად ყოველგვარი ზღვარი წაიშალა. მეორე: გლობალურად, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, დაიწყო პირადი მონაცემების მასობრივი შეგროვება და საერთაშორისო საფინანსო სისტემის მკაცრი კონტროლი. ასეთი დიდი მოცულობის მონაცემების სწრაფად დამუშავების აუცილებლობამ ხელი შეუწყო ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებას. კიდევ ერთი ტექნოლოგია, რომელიც ამ პერიოდში განვითარდა და დღესაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვან როლს ასრულებს, უპილოტო საფრენი აპარატებია. მათი შექმნა და დანერგვა, ისევე როგორც ხელოვნური ინტელექტის განვითარება, 11 სექტემბრის შემდგომი პერიოდის ყველაზე თვალსაჩინო ტექნოლოგიური მემკვიდრეობაა.“
ამ მიდგომის ფასზე საუბრისას მან გამოთქვა მოსაზრება, რომ კონტრტერორიზმზე კონცენტრაციამ ტრადიციული კონტრდაზვერვა და ტერიტორიული თავდაცვა დაჩრდილა. საქართველოსთვის მთავარ ამოცანად უსაფრთხოების სხვადასხვა საჭიროებას შორის სწორი თანაფარდობის პოვნა დაასახელა.
„ ახლა მინდა იმ ტენდენციაზე ვილაპარაკო, რომელიც ჩვენ, საქართველოს, გვეხება. თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში ამერიკაში გატარებული რეფორმები ანალოგიური შინაარსით განხორციელდა მის მოკავშირე სახელმწიფოებშიც, მათ შორის საქართველოშიც, ოღონდ ხშირად ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. კონკრეტულად საქართველოს მაგალითი რომ ავიღოთ, საერთაშორისო ტერორიზმი ნამდვილად იყო და არის გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ არც ამ ოთახში და, ალბათ, არც ზოგადად საქართველოში მეგულება ადამიანი, რომელიც, თავისი პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, იტყვის, რომ კონტრდაზვერვა და ტერიტორიული თავდაცვა უფრო დიდი პრიორიტეტები არ არის. ხაზგასმით მინდა ვთქვა: ყურადღება სამივე მიმართულებას ექცეოდა, მაგრამ დღის წესრიგი ამერიკულ პრიორიტეტებს იყო მორგებული და რესურსებიც შესაბამისად ნაწილდებოდა. ეს განსაკუთრებით ორმხრივ ფორმატებში ჩანდა. თავდაცვისა და უსაფრთხოების ტრადიციულმა დისციპლინებმა ატროფია განიცადა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ საქართველოშიც: ისინი კონტრტერორიზმმა დაჩრდილა. “
აუდიტორიამ საკითხი მოქალაქეთა უფლებებსა და ინსტიტუტებისადმი ნდობას დაუკავშირა. შორენა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ შიშის ფონზე საზოგადოებები თავისუფლებების შეზღუდვას უფრო ადვილად თანხმდებოდნენ. ამგვარად, საუბარი შეეხო როგორც ტერორიზმზე პასუხის აუცილებლობას, ისე არჩეული პასუხის ფასს: დახარჯულ რესურსებს, დათმობილ უფლებებსა და ყურადღების მიღმა დარჩენილ საფრთხეებს.
შორენა ლორთქიფანიძემ შემდგომი პერიოდის ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასებაც გააკრიტიკა. მან საქართველოში განხორციელებული მრავალფეროვნების, ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამები გაიხსენა. მისი არგუმენტით, საერთაშორისო დღის წესრიგის შედეგების შეფასებისას ამ გამოცდილებასაც უნდა ჰქონოდა ადგილი.
„ მგონი, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება ის იყო, რომ ამერიკელებმა შიშის გამო, მას შემდეგ, რაც მთლიანად მათი სისტემა შეირყა, ნებაყოფლობით დათმეს ბევრი უფლება და თავისუფლება და ძალიან ადვილად სამართავები გახდნენ. მაშინ ბევრს წერდნენ, მათ შორის მაღალი რეპუტაციის მქონე გამოცემებშიც, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და უსაფრთხოების სისტემების შესახებ. მომხდარს თავდაცვისა და კონტრტერორისტული სისტემების კრახად აფასებდნენ. ამან ინსტიტუციებისადმი ნდობაც ძალიან შეარყია.
მინდა გკითხოთ: მაშინ ასევე ბევრი იწერებოდა უსაფრთხოების სისტემების უშუალო მონაწილეობაზე ამ ტერაქტებში. თქვენი აზრით, ეს დარჩა კონსპირაციის თეორიად, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, თუ დღევანდელი გადასახედიდან თქვენ მათ რაიმე როლს ხედავთ? ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ 11 სექტემბერმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა უსაფრთხოების სისტემებისა და, ზოგადად, ინსტიტუციებისადმი ნდობას.“
განსხვავებები რელიგიისა და ინტეგრაციის განხილვის დროსაც გამოჩნდა. მთავარი მომხსენებელი უფრო მკაცრად აფასებდა ისლამურ სამყაროში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ევროპაში ინტეგრაციის სირთულეებს. აუდიტორიიდან კი კვლავ გამოიკვეთა სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო რელიგიურ იდენტობას, პოლიტიკურ წარმომადგენლობასა და ძალადობრივ ექსტრემიზმს, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება ამ საკითხებს შორის განსხვავებებს დაკარგავდა.
ამერიკის ტრავმა და პოლიტიკური ცვლილებების ახსნა
დისკუსიას პირადი გამოცდილება შემატა მამუკა მახათაძემ, რომელიც თავდასხმების დროს ამერიკაში იმყოფებოდა. მან გაიხსენა შოკი და დაუცველობის განცდა. საუბარში გაჩნდა კითხვა, რა გავლენა მოახდინა ამ გამოცდილებამ ამერიკული საზოგადოების შემდგომ პოლიტიკურ რეაქციებზე.
„ბევრი თქვენგანისგან განსხვავებით, მაშინ ძალიან ახალგაზრდა აღარ ვიყავი და ზუსტად იმ დროს ამერიკაში მომიწია ყოფნამ. წვერს ვიპარსავდი, მეორე ოთახში ტელევიზორი მქონდა ჩართული. გამოვედი, კადრებს შევხედე და ვიფიქრე: ისევ ტერორისტულ ფილმს აჩვენებენ-მეთქი. მერე შევბრუნდი და ავტომატურად გავაგრძელე წვერის პარსვა. რაღაც მომენტში, ჯერ კიდევ ნახევრად გაუპარსავი, მივხვდი, რომ CNN მქონდა ჩართული. ყველაზე მნიშვნელოვანი კი შემდეგ დავინახე, როდესაც ინსტიტუტში წავედი: იმ ადამიანების თვალებში ისეთი გაოგნება იყო, როგორიც მანამდე არასოდეს მენახა. მათთვის სამყარო ყველაზე მეტად შეიცვალა. მანამდე ჰქონდათ განცდა, რომ მათთან ასეთი რამ ვერასოდეს მოხდებოდა. ჩვენ 1990-იანი წლები გვქონდა გამოვლილი, სამოქალაქო ომი გვქონდა ნანახი, მათთვის კი ეს უდიდესი შოკი იყო. სწორედ ამ ასპექტის ხაზგასმა მინდა: მათში რაღაც გარდატეხა მოხდა. შესაძლოა, იმ დამცირების განცდამ, რომელიც დიდხანს ვერ მოინელეს, ნაწილობრივ ის განწყობაც გააჩინა, რომელიც მოგვიანებით ტრამპის „Make America Great Again“-ში გამოიხატა.“
რევაზ ბახტაძემ ახსნის სხვა მიმართულებაც შესთავაზა აუდიტორიას. ამერიკის პოლარიზაციაზე მსჯელობისას მან ყურადღება ფინანსურ წნეხს, სოციალურ სტრუქტურებსა და ელიტებს შორის კონკურენციას დაუთმო. მოგვიანებით განხილვაში დოლარისა და სახელმწიფო ვალის საკითხებიც შემოვიდა. მონაწილეები სხვადასხვა შესაძლო მიზეზს ასახელებდნენ, თუმცა იმაზე, თუ რა წილი ჰქონდა თითოეულ მათგანს პოლიტიკურ ცვლილებებში, საერთო პასუხი არ ჩამოყალიბებულა.
„ნიალ ფერგიუსონს 2025 წელს დაწერილი აქვს სტატია, რომელსაც საკმაოდ აროგანტული სახელი ჰქვია: „ფერგიუსონის კანონი“. რას ამბობს ეს კანონი? როდესაც დიდი სახელმწიფოს, ან საერთოდ ნებისმიერი სახელმწიფოს, ვალის მომსახურების ხარჯი თავდაცვის ბიუჯეტს აღემატება, ეს ის ზღვარია, საიდანაც იწყება მისი დაქვეითება, ხშირად დეზინტეგრაცია და მეორეხარისხოვან მოთამაშედ ქცევა. აქ ვალის მომსახურებაზე, ანუ პროცენტის გადახდაზეა საუბარი. ფერგიუსონს მოჰყავს ბურბონების საფრანგეთის, ჰაბსბურგების ესპანეთის, ჰოლანდიის რესპუბლიკის, ოსმალეთის იმპერიისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ბრიტანეთის იმპერიის მაგალითები.
მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ამერიკამ ეს ზღვარი 2024 წელს გადალახა. 2024, 2025 და 2026 წლებში ამერიკა ვალის მომსახურებაში უფრო მეტს იხდის, ვიდრე თავდაცვაზე. საინტერესოა, რომ წელს ტრამპმა წარადგინა ბიუჯეტი, რომელიც 2027 წლიდან თავდაცვისთვის ტრილიონ-ნახევარი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, თუმცა ის ჯერ დამტკიცებული არ არის. თუ დამტკიცდა, თავდაცვის ბიუჯეტი ვალის მომსახურების ხარჯს გადააჭარბებს; ეს უკანასკნელი წელიწადში უკვე ტრილიონ დოლარს აღემატება. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ: ფერგიუსონი არ ამბობს, რომ ეს აუცილებლად განაჩენია და მდგომარეობის შემობრუნება შეუძლებელია. ის ამბობს, რომ ისტორიულად ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს ფაქტობრივად ფატალური აღმოჩნდა.
მეორე კვლევაში პიტერ ტურჩინი ორ ფაქტორს გამოყოფს: საბიუჯეტო დეფიციტის ზრდასა და ელიტების ჭარბ წარმოებას. ეს მეორე აუცილებელი კომპონენტია. ჩნდება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც გარკვეული პრეტენზია აქვს, და ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ: ისინი ძალიან მომზადებულები არიან, აქვთ შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური კაპიტალი და განათლება, მაგრამ მათთვის ადგილები აღარ არის. ტურჩინმა აიღო აივი ლიგის ბიზნესისა და სამართლის სკოლების კურსდამთავრებულთა ბოლო ოცი წლის მონაცემები. მისი თქმით, ჰარვარდის ბიზნესისა და სამართლის სკოლების კურსდამთავრებულები და სხვები ყოველწლიურად, რეალურ დოლარში დათვლით, საშუალოდ უფრო ნაკლებ შემოსავალს იღებენ, ვიდრე მათი წინამორბედები. ეს ძალიან მომზადებული ხალხია, რომელმაც წარმოუდგენლად დიდი თანხები გადაიხადა, მაგრამ იმ პრესტიჟულ ადგილებს ვეღარ იკავებს, რომლებიც ადრე არსებობდა. ადგილები ცოტაა, მათი დაკავების მსურველთა რაოდენობა კი მკვეთრად გაიზარდა.
ტურჩინის თქმით, რომის იმპერიიდან მოყოლებული, სხვადასხვა შემთხვევაში ეს ორი ტენდენცია თანაარსებობდა: საბიუჯეტო შესაძლებლობების შემცირება და ელიტების ჭარბი წარმოება. შედეგად მძაფრდება ბრძოლა, ჩნდება მრავალი კონტრელიტა, რომელთა სისტემაში ჩატევაც შეუძლებელი ხდება. რევოლუციაც სწორედ ელიტებიდან მოდის. არ ვიცი, რამდენად შევძელი თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ამ ორ კვლევას სტრუქტურულად რომ შევხედოთ, ამერიკაში არსებული დაპირისპირება და პოლარიზაცია ღრმა სტრუქტურული პრობლემების გამოხატულებაა. სადამდე მივა ეს პროცესი, უცნობია."
განსხვავებულად შეფასდა დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადაც. ივლიანე ხაინდრავამ ამერიკული პოლიტიკის უწყვეტობას გაუსვა ხაზი. რევაზ ბახტაძემ მნიშვნელოვან ცვლილებად ჩინეთის მთავარ მეტოქედ აღქმის გარშემო ჩამოყალიბებული კონსენსუსი დაასახელა.
„თქვენ ბრძანეთ, რომ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს საგარეო პოლიტიკა დიდწილად არ შეცვლილა და ძველ კურსს მიჰყვებოდა. მე ვფიქრობ, რომ ტრამპმა ამერიკულ საგარეო პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ერთი ძალიან დიდი რამის მიღწევა მოახერხა: ყველა მნიშვნელოვან ძალას შორის ჩამოაყალიბა კონსენსუსი, რომ ჩინეთი მათი მთავარი საგარეო მტერია. ჩინეთს გავლენის ინფრასტრუქტურა ჰქონდა, მათ შორის იდეების დონეზეც. არსებობდა წარმოდგენა, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა ამერიკისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი იყო. ამ წარმოდგენას ტრამპმა წერტილი დაუსვა და ეს ძალიან კარგად მოახერხა. თუ რაიმე საკითხზეა გაერთიანებული ამერიკული საგარეო პოლიტიკური ელიტა, ეს ჩინეთია. ფაქტობრივად, არ არსებობს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ჯგუფი, ექსპერტი თუ ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ამ საერთო ხედვის მიღმა რჩება. ტრამპმა ეს შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. მე ამ საკითხს ასე ვუყურებ.“
მამუკა მახათაძემ კი შეიარაღების კონტროლის შეთანხმებების საკითხი წამოჭრა. ამ შეფასებებმა გამოაჩინა, რომ ერთი და იმავე პერიოდის მნიშვნელობას დისკუსიის მონაწილეები სხვადასხვა ნიშნით განსაზღვრავდნენ.
„ტრამპის პირველ ვადაზე ნათქვამს დავუბრუნდები. მოხდა ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომელიც ხშირად გამორჩებათ ხოლმე: ამერიკა გამოვიდა INF-ის, საშუალო სიშორის ბირთვული რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან. ამ გადაწყვეტილებამ გარკვეულწილად განსაზღვრა ის სამყარო, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, განსაკუთრებით უკრაინის კონფლიქტის გათვალისწინებით. შემდგომი ულტიმატუმიც უფრო ნატოს ეხებოდა, ვიდრე უკრაინას: უკრაინასთან დაკავშირებული ორი საკითხი იყო, დანარჩენი კი დასავლეთის მიმართ მოთხოვნები გახლდათ. ვფიქრობ, შეთანხმებიდან გასვლა ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომელმაც შესაძლოა ამ კონფლიქტს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ეს ერთი გადაწყვეტილებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა დანარჩენში გეთანხმებით.“
ეროვნული ინტერესები და ფასეულობები
საუბარი თანდათან შეეხო იმასაც, როგორ ასაბუთებდნენ სახელმწიფოები საკუთარ პოლიტიკას. ერთ-ერთმა მონაწილემ ცვლილებების ფესვები 11 სექტემბრამდე დაწყებულ ეკონომიკურ გლობალიზაციაში დაინახა. მისი შეფასებით, წარმოება და კაპიტალი ეროვნულ საზღვრებს გასცდა, ხოლო პოლიტიკური და კულტურული მზაობა ამ პროცესს ჩამორჩა.
მან იკითხა, შეიცვალა თუ არა თავად ეროვნული ინტერესები, თუ სახელმწიფოებმა უკვე არსებული მიზნების დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების ენით ახსნა დაიწყეს. სამოქალაქო ინტეგრაციის მნიშვნელობაზე მოსაუბრე მონაწილემ საპასუხოდ დასვა კითხვა, რატომ უნდა გამორიცხულიყო თვითონ დემოკრატია ეროვნული ინტერესებიდან.
„ტერორიზმისა და 11 სექტემბრის თემას დავუბრუნდები. მგონია, რომ კონტრტერორიზმი უფრო დიდი იდეოლოგიის ნაწილი იყო, რომელიც გაცილებით ადრე დაიწყო. ეს პროცესი ეკონომიკიდან, 1980-იანი წლებიდან მოდის, როდესაც „ჩიკაგოს ბიჭები“ გამოჩნდნენ და ნეოლიბერალური იდეები გავრცელდა. დომინანტური გახდა აზრი, რომ თავისუფალმა ბაზარმა დაარეგულიროს ქვეყნის შიდა ეკონომიკა და კეთილდღეობა თავისთავად განვითარდება. მეჩვენება, რომ ამ ეკონომიკურმა იდეამ პოლიტიკურ და კულტურულ მზაობას გაუსწრო. ელიტებმა საზღვრებს მიღმა კაპიტალის გატანა დაიწყეს, წარმოება გლობალურ ქსელებში ჩაერთო და იქ გადავიდა, სადაც უფრო იაფი იყო. აქ ეკონომიკური ინტერესი მუშაობდა: მეტი მოგება, როგორც მოკლევადიან, ისე შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩინეთიც მთელი გლობალური ეკონომიკის ქარხანა გახდა. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ყველა სტატიაში ჩინეთზე, როგორც მსოფლიოს ქარხანაზე, წერდნენ.
ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება გაიზარდა და ამ პირობებში იმპერიის აღქმაც გარკვეულწილად შეიცვალა. აღარ არის აუცილებელი, სადმე ჩახვიდე და ქვეყანა დაიპყრო: შეგიძლია გავლენა ნავთობის მოთხოვნისა და მიწოდების კონტროლით, ან სამხედრო შეიარაღების მიწოდებით მოიპოვო. ამერიკამაც გარშემო გარკვეულწილად ასეთი მოდელი ააწყო: ჩავრთოთ ამაში ჩინეთიც, რუსეთიც, ეკონომიკა გავხსნათ და გარკვეულწილად თავის თავს მივანდოთ. მაგრამ საზღვრების გახსნასა და გლობალურ ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებას, მგონი, პოლიტიკურმა მზაობამ ფეხი ვერ აუწყო. 11 სექტემბრის შემდეგაც ეს არ შეცვლილა.
ადრე ეს ყველაფერი უფრო ლამაზად იფუთებოდა, ახლა კი აღარ იფუთება. იმის თქმა მინდა, რომ თუ ამერიკას მხოლოდ იმის გამო ვაკრიტიკებთ, რომ ადამიანის უფლებები დაარღვია და დემოკრატია ვერ გაავრცელა, მაშინ, შესაძლოა, ჩვენ თვითონ აღმოვჩნდეთ სასაცილო როლში: ვედავებით იმას, რაც მისი მიზანი არც ყოფილა. რატომ უნდა ველოდეთ, რომ ის ყოველთვის ამ პრინციპებს დაიცავდა? ძირითადი პრინციპი არ იცვლება — ეს ეროვნული ინტერესებია. ხან მათ ადამიანის უფლებებით შევფუთავ, ხან ამერიკელების გაძლიერებით, ხან კი იმიგრანტების განდევნით. ზედნაშენი იცვლება, ნარატივი იცვლება, მაგრამ რამდენად იცვლება თვითონ ინტერესები? მე არ ვიცი, 11 სექტემბრის შემდეგ ისინი შეიცვალა თუ არა. ჩემი შეკითხვაც სწორედ ეს არის.“
რევაზ ბახტაძე ყველაფრის მხოლოდ ინტერესებით ახსნას არ დაეთანხმა. მისი არგუმენტით, ეკონომიკური სისტემის უწყვეტობა პოლიტიკის ფოკუსის უცვლელობას არ ნიშნავდა. უკვე არსებული იდეების ეროვნული უსაფრთხოების საკითხად ქცევას პრაქტიკული შედეგები მოჰყვებოდა. ამასთან, გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენდა ლიდერის პირადი რწმენა და მსოფლმხედველობაც.
„შეიძლება ვთქვათ, რომ ფართო გაგებით სისტემა არ შეცვლილა: თავისუფალ ეკონომიკაზე აქცენტი მანამდეც არსებობდა. მაგრამ პოლიტიკის განსაზღვრება, აქცენტები და ფოკუსი სრულიად სხვა გახდა. მოხდა სეკურიტიზაცია — ყველა საკითხის უსაფრთხოების ჭრილში განხილვა და გადაწყვეტა. ეს შეეხო ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობას და სხვა სფეროებსაც.
უბრალოდ გაგახსენებთ: თუ არ ვცდები, 2002 ან 2003 წელს, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მიმართვაში, ბუში ერაყის საკითხს განიხილავდა და ცდილობდა აეხსნა, რით იკვებება ექსტრემიზმი და საიდან მოდის, მათ შორის, ერაყის პრობლემები. ის სამ საკითხს გამოყოფდა: დემოკრატიის ნაკლებობას, მოდერნულობის ნაკლებობასა და ქალთა ჩაგვრას. ამ პრობლემების დაძლევას უკავშირებდა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის დამარცხებას. თავისთავად, ეს საკითხები მნიშვნელოვანია; დემოკრატიასა და მოდერნულობაზე საუბარი ბუშს არ დაუწყია. მაგრამ მან ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებია. მათი ამ ჩარჩოში მოქცევა მნიშვნელოვნად ცვლის როგორც კონტექსტს, ისე დასაბუთებას. იმპერიული პროექტიც სხვა დასაბუთებას იძენს: მიდიხარ და ამბობ, რომ ეს ყველაფერი უნდა მიიტანო, რადგან ამას უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს.
კიდევ ერთი რამ: თქვენ ინტერესების მუდმივობაზე და იმაზე ლაპარაკობდით, თუ როგორ იფუთება ისინი. ამაში, რა თქმა უნდა, დაგეთანხმებით, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს ლიდერის პიროვნებასაც. ბუში ჩვეულებრივი ლიდერი არ იყო; ის ღრმად რელიგიურად მოტივირებული ადამიანი იყო. შეგახსენებთ მის ცნობილ გამონათქვამს, რომელმაც ლიბერალები შოკში ჩააგდო. მას მხოლოდ ის კი არ უთქვამს, რომ ღმერთს ელაპარაკებოდა — მორწმუნე ადამიანები ღმერთს ლოცვითა თუ თხოვნით ველაპარაკებით. მან თქვა, რომ ღმერთი ელაპარაკებოდა მას და ღმერთმა უთხრა, ერაყში შესულიყო. ამას დაცინვით არ ვამბობ. როდესაც ლიდერი საკითხს ასე უყურებს, ძნელია, ყველაფერი მხოლოდ მშრალი ინტერესებითა და ტრადიციული, რაციონალური გათვლებით ახსნა.“
ფასეულობებისა და პრაგმატიზმის ურთიერთობა განსაკუთრებით მკაფიოდ საქართველოს განხილვისას გამოიკვეთა. მონაწილეებმა იკითხეს, ხომ არ ჩამორჩებოდა ქვეყნის პოლიტიკური აზროვნება შეცვლილ საერთაშორისო რეალობას. თორნიკე შარაშენიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ პატარა სახელმწიფოს დიდი ქვეყნების ცინიკური პოლიტიკის მიბაძვის შესაძლებლობა შესაძლოა არ ჰქონოდა.
„მგონია, რომ სამყაროში იდეალიზმის ხანა დიდი ხანია დასრულდა. ჩვენ რატომ ჩამოვრჩებით ასე ძალიან? შეიძლება, ნაწილობრივ, დასავლეთის კომპლექსიც გვაქვს. იმდენი ხნის განმავლობაში ვიყავით ამაზე ორიენტირებული და იმდენად გულწრფელად ვხედავდით საკუთარ თავს საერთო ევროპულ სივრცეში, რომ ამ წარმოდგენიდან გამოსვლა ძალიან გვიჭირს. საქართველოში კიდევ უფრო მეტად ჩამოვრჩებით მოვლენებს. ხომ არ გვჭირდება უფრო ცივსისხლიანი აზროვნება და ხედვა, იდეალისტური შეხედულებებისგან გარკვეულწილად გათავისუფლება? ეს შეხედულებები ყველა ჩვენგანს ჰქონდა და მესმის, რომ მათგან გათავისუფლება ძალიან რთულია. მაგრამ მსოფლიოს ის ნაწილი — ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, რომ აღარაფერი ვთქვათ ახლო აღმოსავლეთზე — დიდი ხანია, ასეთი იდეალიზმისგან თავისუფალია. ჩვენ კი მათ ძალიან სწრაფ აღმასვლას ვხედავთ.“
რევაზ ბახტაძემ საპირისპირო არგუმენტი წამოაყენა: სწორედ პატარა სახელმწიფოს სჭირდებოდა ცივსისხლიანი პრაგმატიზმი, ხოლო იდეალიზმის ფუფუნება დიდ სახელმწიფოს უფრო ჰქონდა. ამ საკითხზე უთანხმოება შენარჩუნდა. ფასეულობებსა და პრაქტიკულ უსაფრთხოებას შორის კავშირის შესახებ მონაწილეებმა განსხვავებული პასუხები შესთავაზეს ერთმანეთს.
„იდეალიზმი დიდი ქვეყნის ფუფუნებაა, რადგან მას შეუძლია, დროდადრო სისულელეებითაც დაკავდეს. პატარა ქვეყანას კი ერთადერთი არჩევანი აქვს — იყოს ცივსისხლიანი პრაგმატიკოსი. ჩვენ შეიძლება ყველაზე ხმამაღლა ვაცხადებდეთ, რომ იდეალისტები ვართ, და ეს მესმის. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ პატარა ქვეყნების ერთადერთი არჩევანი, ფაქტობრივად, სწორედ პრაგმატიზმია.“
საქართველოს უსაფრთხოება და საკუთარი მოქმედების შესაძლებლობა
საქართველოსთვის დისკუსიის მთავარ პრაქტიკულ საკითხად დამოუკიდებლობის შენარჩუნება და ცვალებად გარემოში საკუთარი მოქმედების შესაძლებლობა იქცა. თორნიკე შარაშენიძემ დამოუკიდებლობა პირდაპირ დაასახელა მიზნად, რომლის მიხედვითაც ქვეყნის არჩევანი უნდა შეფასებულიყო.
„მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება. განსაკუთრებით ახლა, XXI საუკუნეში, ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად სიტუაცია კიდევ უფრო სწრაფად იცვლება. ერთხელ ჩემს სტუდენტებს ვუთხარი, რომ ისინი უნიკალურ დროს დაიბადნენ. ჯერ ერთი, დაიბადნენ დამოუკიდებელ საქართველოში — ეს უკვე უნიკალური შემთხვევაა. რამდენი ხანია, დამოუკიდებლები ვართ? ისტორიისთვის ეს წამია. მეორე: ისინი ერთპოლუსიან სამყაროში დაიბადნენ და ეს სამყარო მათ თვალწინ ინგრევა. მადლობა ღმერთს, დამოუკიდებელი საქართველო ჯერ კიდევ არსებობს და ის უნდა შევინარჩუნოთ. მსოფლიოში ძალთა განლაგებას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ — დიდი სახელმწიფოები ასე თუ ისე ერთმანეთში დალაგდებიან. ჩვენთვის მთავარია, დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს არის მთავარი.“
შორენა ლორთქიფანიძემ საქართველოს განვითარების მიმართულებაზე, 2008 წლის ომსა და დასავლური პოლიტიკის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო მოლოდინებსაც, რომლებსაც ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორებს უკავშირებდა, და იმას, რამდენად შეესაბამებოდა ეს მოლოდინები რეალურ ძალთა თანაფარდობას.
„საქართველოზე გავლენა ბევრ სფეროში გამოჩნდა და არა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების რეფორმებში, რომლებშიც მეც თავიდანვე ვიყავი ჩართული. ტერორიზმმა დაგვაფიქრა ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა მრავალფეროვნება, მულტიკულტურალიზმი და სამოქალაქო ინტეგრაცია. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენთან ეს ტერმინოლოგიაც გაჩნდა და ამ საკითხებზე ბევრს ვმუშაობდით. მაშინ ახალგაზრდები ვიყავით. იმის აქტიური გააზრება, რომ საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობენ, სწორედ 2000-იანი წლების დასაწყისიდან ხდება. იყო USAID-ის დიდი ტოლერანტობის პროგრამა, ბევრი რამ გერმანული დაფინანსებითაც კეთდებოდა. ამ მიმართულებით მეც ვმუშაობდი მთელი ეს 25 წელი.
ამ ყველაფერს თავის დროზე დაფინანსებაც ჰქონდა, მაგრამ ეს იყო იდეებიც, რომლებზეც მანამდე ჩვენს ქვეყანაში არავინ ფიქრობდა. მახსოვს, პირველად ახალქალაქში რომ წავედი, ათი საათი ვიმგზავრე. მაშინ ყველგან ცუდი გზა იყო. იმის თქმა მინდა, რომ ამ პერიოდმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა და ამ საკითხში ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი არ არის.“
სამხედრო გამოცდილების მქონე მონაწილემ ერაყსა და ავღანეთში მიღებული ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან გამოყო ინსტიტუციური სწავლება, თანამშრომლობის უნარები და სამხედრო და სამოქალაქო სტრუქტურებს შორის ურთიერთობა. მისი გამოსვლა შეეხო იმას, თუ როგორ შეიძლებოდა ამ გამოცდილების საქართველოს მედეგობისთვის გამოყენება.
„ამ მისიებში მონაწილეობამ ორგანიზაციულად ძალიან ბევრი ცვლილება მოიტანა. მაგალითად, ავღანეთში სამიზნეების შერჩევასა და მათზე ოპერაციების დაგეგმვაზე ვმუშაობდით. იქ FBI-ის აგენტები იყვნენ და ამ საქმეს გვასწავლიდნენ. ჩვენი ოპერაციები უკვე აღარ იყო მხოლოდ სამხედრო ხასიათის. გაჩნდა სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების პირველი გამოცდილებაც: ადგილობრივ თემთან და მის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა. როგორც მეთაურები, ისე სხვა სამხედრო პირები გარკვეულ უნარებში ვემზადებოდით, რადგან ჩვენი წარმატება უკვე მხოლოდ სამხედრო ასპექტზე აღარ იყო დამოკიდებული. თუ ამ პროცესების დადებით მხარეზე ვლაპარაკობთ, ეს ის ცვლილებაა, რომელიც მისიებში ჩართვამ ნამდვილად მოიტანა.
მომავლის უსაფრთხოების გარემოზე ახლა ვრცელ მსჯელობას არ დავიწყებ, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნული მედეგობა, ეროვნული წინააღმდეგობა, ტოტალური თავდაცვა და სამოქალაქო სექტორის ჩართვა მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც ჩვენ ვართ. ამ გამოცდილებამ რამდენად დაგვეხმარა? ვფიქრობ, თავდაცვის სისტემაში გარკვეული ინსტრუმენტები ნამდვილად გაჩნდა, რომლებიც მომავალში უსაფრთხოების ასეთი მოდელის მოწყობაში შეიძლება გამოგვადგეს. სწორედ ამ ჭრილში თქვენი მოსაზრება პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა. დიდი მადლობა.“
რევაზ ბახტაძემ საერთაშორისო მისიებში მიღებული გამოცდილების დიდი ღირებულება აღიარა, თუმცა სხვა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროებაც აღნიშნა. მსჯელობის საგანი გახდა მიღებული ცოდნის გამოყენება ქვეყნის უშუალო საფრთხეებისთვის მოსამზადებლად და თავდაცვის სხვადასხვა კომპონენტს შორის ბალანსის დაცვა.
„დაგვეხმარება თუ არა მიღებული სამხედრო გამოცდილება? რა თქმა უნდა, დაგვეხმარება. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და იქ მომსახურე სამხედროებმა ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღეს. თუმცა ჩემს გამოსვლაში სწორედ ის აღვნიშნე, რომ კონტრტერორიზმმა და შემდეგ ამბოხების წინააღმდეგ ბრძოლამ, ანუ COIN-მა, ყველა სხვა მნიშვნელოვანი მიმართულება დაჩრდილა. ამიტომ ასე ვიტყოდი: ეს გამოცდილება აუცილებლად გამოგვადგება, მაგრამ თავდაცვისა და უსაფრთხოების სხვა კომპონენტების გაძლიერებაც საჭიროა. მათაც მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ.“
ივლიანე ხაინდრავამ მედეგობა საზოგადოებრივ მდგომარეობასაც დაუკავშირა. მან ყურადღება გაამახვილა პოლარიზაციაზე, საზოგადოების სიჯანსაღესა და საინფორმაციო ზეწოლაზე რეაგირების უნარზე. ამ ხედვით, ქვეყნის გამძლეობა სამხედრო შესაძლებლობებთან ერთად საზოგადოებრივ ურთიერთობებზეც იყო დამოკიდებული.
„რაც თქვენ მედეგობასა და მდგრადობაზე ბრძანეთ, ჩემი აზრით, უდიდესი პრობლემაა. იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, რომელ მდგრადობაზეა საუბარი? მაპატიეთ ჟარგონისთვის, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ ხანდახან მოსკოვიდან გვეკაიფებიან: ვიღაც რაღაცას შემოაგდებს და აქ მაშინვე წივილ-კივილი იწყება. რატომ უნდა ავტეხოთ ეს წივილ-კივილი? ხომ გასაგებია, რისთვის აგდებს მოსკოვი ასეთ რამეს — რომ ერთმანეთს დავესხათ თავს და ერთმანეთი დავასუსტოთ.“
რეგიონულ საკითხებზე საუბრისას განიხილეს თურქეთისა და აზერბაიჯანის გაძლიერება და ამ გარემოში საქართველოს ადგილის რეალისტურად შეფასების აუცილებლობა. ივლიანე ხაინდრავას მოსაზრებით, აზიასთან ურთიერთობის განვითარება დასავლეთთან კავშირების შენარჩუნებასთან შეთავსებადი იყო.
„აღმოსავლური საგარეო ვექტორი უკვე ხელშესახებია. შეხედეთ უმაღლესი დონის ვიზიტებს: ჩვენი წარმომადგენლები ცენტრალურ აზიაში ჩადიან და იქაური წარმომადგენლები აქ ჩამოდიან. ამ ურთიერთობებში ბევრი რამ ბუნებრივია. თუმცა, ჩემი აზრით, ისინი არ უნდა ვითარდებოდეს დასავლეთთან ურთიერთობის ხარჯზე. ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობა ერთია, მაგრამ დასავლეთთან, ევროკავშირთან ურთიერთობა იმ მდგომარეობამდე არ უნდა მიგვეყვანა, რომელშიც დღეს აღმოჩნდა...
ანკარასა და ბაქოს შორის ძლიერი ალიანსი ყალიბდება. ეს კავშირი მტკიცდება და სერიოზული ამბიციებიც აქვს. შეგახსენებთ, რომ როდესაც ყაველაშვილი ბოლოს ერდოღანს შეხვდა, კვლავ წამოიჭრა მაჰმადიანი თურქების თემა.რამდენიმე წლის განმავლობაში ეს საკითხი თითქოს მივიწყებული იყო, ახლა კი ისევ წამოიწია. ასეთი თემები ზეწოლის საშუალებაც შეიძლება გახდეს.
ალიევს დიდი ხანია თავი ისე უჭირავს, როგორც სამხრეთ კავკასიის წამყვანი სახელმწიფოს მეთაურს, და შესაბამისი ამბიციებიც აქვს. ეს გასაკვირი არც არის, თუ გავითვალისწინებთ როგორც ფინანსურ შესაძლებლობებს, ისე მოსახლეობის რაოდენობას. მიღწეული ტრიუმფის შემდეგ კი, ასე ვთქვათ, თეთრ ცხენზეა. ამ ფონზე ჩვენი ადგილის, შესაძლებლობებისა და პრეტენზიების რეალისტური გააზრება კვლავ დგას ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში. ჩემი აზრით, პოლიტიკური სპექტრი ამ კითხვებს სათანადო პასუხებს ვერ სცემს.“
შეხვედრის დასასრულისკენ მონაწილეები რუსეთის შესწავლის საჭიროებას დაუბრუნდნენ. შორენა შავერდაშვილმა ამ მიმართულებით ცოდნის მნიშვნელობა გამოყო.
„რუსი ანალიტიკოსები ამერიკას ძალიან კარგად იცნობენ. ცოდნის, კვლევისა და მოვლენების არსის წვდომის თვალსაზრისით, ჩემი აზრით, რუსეთი ამერიკას უკეთ იცნობს, ვიდრე ამერიკა — რუსეთს. ჩინეთში რა ხდება, არ ვიცი; ამ შემთხვევაში რუსეთზე ვსაუბრობ. ამერიკულ აკადემიურ თუ ანალიტიკურ წრეებში რუსეთის სიღრმისეული ცოდნისა და აღქმის ნაკლებობა არაერთხელ პირადად გამომიცდია. ჩემთვის ეს ხელშესახები პრობლემა გამხდარა. ერთ-ორ ადამიანზე მეტს ვერც დაგისახელებთ, ვისაც არსებითად ესმოდეს რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები, მისი ისტორია და ეს ყველაფერი დღევანდელ კონტექსტშიც ჰქონდეს გააზრებული. ჩემი აზრით, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.“
გიორგი ხარაბაძემ კი ყურადღება გეოგრაფიას, ძალთა თანაფარდობას, ბალანსსა და მრავალმხრივ პოლიტიკაზე გაამახვილა.
„რუსეთი ამერიკას უკეთ იცნობს, ვიდრე ამერიკა — რუსეთს. რასაც რუსეთი ახლა აკეთებს, იმას ასი წლის წინაც აკეთებდა, ამერიკის პოლიტიკა კი რუსეთის მიმართ ამას არ ითვალისწინებს. ეს ჩვენ გვიქმნის პრობლემას და ყველაფერს საკუთარ ტყავზე ვგრძნობთ. ჩემი აზრით, მეტი პრაგმატულობა და უფრო მრავალვექტორიანი პოლიტიკა გვმართებს. გვინდა თუ არა, საქართველოს ისტორია ბალანსის ისტორიაა — სწორედ ამის წყალობით გადავრჩით. ჩვენი მტრები და მოწინააღმდეგეები ჩვენზე ძლიერებიც იყვნენ და მრავალრიცხოვნებიც, მაგრამ დღემდე ჩვენი თვითმყოფადობით მოვედით. ამ მიდგომას უნდა დავუბრუნდეთ და სამყაროს ამ თვალით შევხედოთ. ილუზიებით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ.“
კითხვები რომლებიც ღიად დარჩა
დისკუსიის განმავლობაში არაერთხელ გაჩნდა კითხვა, რამდენად შექმნა 11 სექტემბერმა ახალი საერთაშორისო რეალობა და რამდენად დააჩქარა მან უკვე დაწყებული პროცესები. ამ საკითხს შეეხო სტუდენტის შეკითხვაც: თავდასხმები რომ არ მომხდარიყო, მეტ ყურადღებას დაუთმობდა თუ არა ამერიკა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს და რას შეცვლიდა ეს საქართველოსა და უკრაინისთვის.
სხვა მონაწილემ ტერაქტების თარიღების შესაძლო ისტორიულ სიმბოლიკასა და სხვა ქვეყნების ბირთვული პროგრამებისადმი ყურადღების განაწილებაზე იკითხა. მანვე განასხვავა ისტორიული ინტერპრეტაცია და დამტკიცებული მოტივი. უსაფრთხოების სამსახურების შესაძლო ჩართულობაზე კონსპირაციული ვერსიებიც ახსენეს, თუმცა ეს მოსაზრებები დადასტურებულ ახსნებად არ ქცეულა.
„ტერორიზმის კვლევისას მათ ხშირად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მოგვიანებით 11 სექტემბერი ვენის ალყის თარიღს დაუკავშირეს, როდესაც ევროპაში ისლამური წინსვლა შეჩერდა. ტერორისტების დაკითხვებიდან ისიც გამოიკვეთა, რომ გეგმაში 8 სექტემბერიც ყოფილა — თარიღი, რომელსაც მალტის ალყისას ოსმალების მარცხს უკავშირებდნენ. კიდევ ერთ ვარიანტად სექტემბრის ბოლო განიხილებოდა და ამასაც ვენის პირველ ალყას უკავშირებდნენ. არც ერთ ტერორისტს არ უღიარებია, რომ ამ თარიღებს მიზანმიმართულად არჩევდნენ, თუმცა ასეთი ვერსია არსებობდა, განსაკუთრებით იმ მკვლევრებს შორის, რომლებიც მოვლენებს ისტორიული კუთხით უყურებდნენ. მათი ვარაუდით, ეს ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლებოდა ყოფილიყო. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? როგორია თქვენი ახსნა?
მეორე კითხვა ასეთია: 11 სექტემბრის შემდგომი მოვლენები, მაგალითად, ამერიკელების ერაყში შესვლა რომ არ ყოფილიყო, გამოეპარებოდათ ან დაუშვებდნენ ამერიკელები, რომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი შეექმნა და გამოეცადა? ასევე, ირანში ფორდოსა და ნეთენზის ბირთვული ობიექტების ამოქმედება მოხდებოდა? ჩემი კითხვის არსი ისაა, ხომ არ შექმნა ერაყში ინტერვენციამ სივრცე, რომელიც სხვებმა დროის მოსაგებად და საკუთარი პროგრამების განსავითარებლად გამოიყენეს. ერაყში ინტერვენცია რომ არ მომხდარიყო, ეს ყველაფერი მაინც მოხდებოდა? „
შეხვედრას ერთიანი სამოქმედო გეგმა არ მოჰყოლია. მონაწილეებმა ღიად დატოვეს როგორც საერთაშორისო პროცესების მიზეზების, ისე საქართველოს არჩევანის შესახებ კითხვები. დასასრულს თორნიკე შარაშენიძემ ხაზი გაუსვა, რომ პატარა ქვეყანას გარე სამყაროს არცოდნის ფუფუნება არ ჰქონდა. ლექტორიუმის დანიშნულებად მან სწორედ ამ სამყაროს გასაგებად მშვიდი და შინაარსიანი მსჯელობის სივრცის შექმნა დაასახელა.
„დავუბრუნდები დღევანდელი შეხვედრის მიზანს: გვინდა შევქმნათ სივრცე და კულტურა, რომ მშვიდად, წყნარად ვისაუბროთ და ნელ-ნელა გამოსავალიც მოვძებნოთ.“
